понедельник, 18 февраля 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი თემაზე; „კორელაცია“.


   2018 წლის 16 თებერვალს  12-ე კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში წინასწარ შედგენილი სამფაზიანი გაკვეთილის გეგმის მიხედვით თემაზე; „კორელაცია“. სამოდელო გაკვეთილი ითვალისწინებდა გამჭოლი კომპეტენციის, კერძოდ სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას. მიმაჩნია, რომ დღეს სწავლა არ შეიძლება ჩაითვალოს სტანდარტულ პროცესად,  ის უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს, სხვადასხვა სახით მიღებულ ინფორმაციას გაუკეთოს ანალიზი და მიზნის შესაბამისად გადაიყვანოს ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში, შერჩეული ტიპის გაკვეტილის ჩატარებაც ამან განაპირობა.
   გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. დასაწყისში მოვახდინე მოსწავლეთა გამოწვევა წინასწარ შედგენილი ტესტის მიხედვით, ტესტი შედგებოდა 10 კითხვისგან, რომლებიც ავიღე სხვადასხვა საგნიდან; ქართული, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა, ბიოლოგია, უცხო ენა. მოსწავლეებმა შეასრულეს სამუშაო, ტესტში მიღებული მონაცემები ჩავწერე წინასწარ გამზადებულ ცხრილში. ზეპირი გამოკითხვით შევაგროვე  მონაცემები „კმაყოფილების ხარისხი“ , რაც ითვალისწინებდა მოსწავლეებს შეეფასებინათ გასული წლის მეცადინეობის ხარისხი 10 ქულიანი სკალით, კმაყოფილების შემთხვევაში მაღალი ქულით, საპირისპირო სემთხვევაში პირიქით. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა იყო სუბიექტური.
   ცხრილში აგრეთვე მოთავსებული მქონდა, წინასწარ გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები; რა მოლოდინი აქვთ თითოეულს ეროვნულ გამოცდებზე უნარებში, რამდენ ქულას მიიღებენ.
   მივიღეთ ცხრილი მონაცემებით  1. ტესტზე პასუხი 2. კმაყოფილების ხარისხი. 3. უნარების ქულები.
   კლასს დავუსვი შეკითხვა, არსებობს თუ არა  1 და 2 მონაცემებს, 1 და 3 მონაცემებს შორის კავშირი და როგორ შეიძლება ამის დადგენა?
 მივეცი  საშუალება  გამოთქვათ ვარაუდები და რამოდენიმე დავწერე დაფაზე. მიმაჩნია რომ აქტივობა სწორად შევარჩიე, რადგან მასში ჩავრთე ყველა მოსწავლე, დავაინტერესე საგაკვეთილო პროცესით, „კმაყოფილების ხარისხით“ შევაფასებინე მოსწავლეებს საკუთარი თავი და მოლოდინი გამოცდის შედეგების.
   გამოწვევის შემდეგ გადავედი წინარე ცოდნის გააქტიურებაზე. ცოდნის გააქტიურება მოვახდინე კითხვების საშუალებით, აგრეთვე გამზადებული მქონდა სხვადასხვა სახის არავერბალურად მოცემული დიაგრამები, რომლებიც მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  ვერბალურად. გამოკითხვა მოვახდინე შემთხვევითობის პრინციპით. ეს აქტივობაც შედეგობრივი გაგრძელება იყო, წინა აქტივობის, მოსწავლეებმა გაიხსენეს საჭირო მასალა  მონაცემების შესახებ და ვერბალურად წარმოადგინეს სხვადასხვა სახის დიაგრამაზე არავერბალურად მოცემული ინფორმაცია.
   ცოდნის კონსტრუირება დავიწყე ტექსტზე მუშაობით, „დაფიქრდი, დაწყილდი, გაუზიარე“ მეთოდით.
   თითოეულ მოსწავლეს დავურიგე ახალი მასალა, გამზადებული ფურცლებზე. მოსწავლეებმა  წაიკითხეს ინდივიდუალურად, გაიაზრეს, მოახდინეს აზრების გაცვლა წყვილში, გაუჩნდათ კითხვები. ვთვლი , რომ ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეს აღმოაჩინოს სიახლე, შეძლოს სხვისთვის გაზიარება, გაუჩნდეს კითხვები, იყოს ცოდნის მიღებისათვის აქტიურ ფაზაში.
    მიწოდებული ცოდნის გაგება გააზრების შემოწმების მიზნით, წინასწარ გამზადებულ დიაგრამაზე, მოვახდინე გასაგები და ბუნდოვანი საკითხების მოკლედ ჩამოწერა. გავეცი კლასის დახმარებით შეკითხვებს პასუხი, თვალსაჩინოებისათვის გამოვიყენე სლაიდშოუ, დეტალურად გავაშინაარსე ფორმულა, რადგან ყველაზე მეტი შეკითხვა ფორმულის ირგვლივ იყო. მოვიყვანე მაგალითები კორელაციის მნიშვნელობაზე, პრაქტიკულ გამოყენებაზე. მოვახდინე კითხვების საშუალებით ახალი მასალის ათვისების შემოწმება. ეს აქტივობაც ლოგიკური გაგრძელება იყო წინა აქტივობის. მოსწავლეებს მივეცი მიზნის შესაბამისად ყველა კითხვებზე პასუხი, რათა მომდევნო ეტაპზე, ჯგუფური მუშაობის დროს არ შეშლოდათ ხელი, ახალი მასალის პრაქტიკულად გამოყენებაში.
   გაკვეთილის რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეთა ჯგუფებს დავურიგე განსხვავებული დავალებები. დავალებათა შინაარსი შეესაბამებოდა გაკვეთილზე ახლად  მიღებულ ცოდნას. დავალებათა ფორმები გათვლილი იყო სემიოტიკური კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობაზე. მათ შეძლეს მიღებული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადაყვანა. კერძოდ ვერბალურიდან ანდა პირიქით, მაგალითად,  პირველმა ჯგუფმა,  მოახდინ, გაკვეთილის დასაწყისში მიღებულ პირველ და მეორე მონაცემთა სიმრავლეს შორის გრაფიკული კავშირის დადგენა, გამოსახა მილიმეტრულ ქაღალდზე და გამოიტანა გონივრული დასკვნა, რომ ტესტში მიღებული ქულებსა და „კმაყოფილების ხარისხს“ შორის ვიზუალური კავშირი დიაგრამაზე არ ჩანს და მისადაგების წირი არა წრფე.
   მეორე ჯგუფმა, მოახდინა ფორმულის მიხედვით, იგივე მონაცემებს შორის რაც პირველ ჯგუფს შეხვდათ, კავშირის დადგენა, წარმოადგინა და გააკეთა დასკვნა. რომ ანალიზურად, ფორმულით ეს კავშირი მცირეა. სხვადასხვა  ნიშანთა სისტემიდან მიღებული პასუხები ერთმანეთის შესატყვისი აღმოჩნდა.
   მესამე და მეოთხე ჯგუფმა შეასრულა  იგივე პროცედურები, ამჯერად პირველ და მესამე სიმრავლეებს შორის. მესამე ჯგუფმა ააგო გრაფიკი, მეოთხემ გამოთვალა რიცხვობრივად კორელაციის კოეფიციენტი. გააკეთეს დასკვნა რომ ტესტის პასუხებსა და ეროვნულ გამოცდებზე მოსალოდნელ შედეგებს შორის კავშირი სუსტია. ვფიქრობ, ეს აქტივობა ყველაზე საინტერესო და წარმატებული იყო, მისი დახმარებით შევამოწმე ერთდროულად გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და მოსწავლეთა სემიოტიკური უნარები, აგრეთვე  დავანახე მოსწავლეებს, რომ მათი სუბიექტურ თვითშეფასებასა და რეალურ ცოდნას შორის კავშირი შეიძლება არ იყოს დიდი.
  სამოდელო გაკვეთილზე მუშაობამ მიჩვენა, რომ ამ ტიპის გაკვეთილი უფრო საინტერესოა მოსწავლეებისათვის,  ისინი თავად იღებდნენ მონაწილეობას  ცოდნის კონსტრუირებაში, არც ერთ ეტაპზე არ მიუღიათ გამზადებული ინფორმაცია, ამიტომ სწორად  გაიაზრეს საკითხი და რეფლექსიის ფაზაში თავი  მარტივად გაართვეს საკუთარი ნააზრევის  სხვადასხვა ფორმით წარმოდგენას, რაც საკითხის ღმად გაანალიზებაზე მეტყველებს.
   ვთვლი,   რომ გაკვეთილის მიზანს მივაღწიე, რადგან  მოსწავლეებმა  შეძლეს  ცხრილით წარმოდგენილ მონაცემთა ორ სიმრავლეს შორის კავშირის დადგენა, მისი წარმოდგენა ნიშანთა სხვადასხვა სისტემაში; დიაგრამით (გრაფიკით), ანალიზური სახით (ფორმულით).მიღებული ინფორმაციის,  ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორე სისტემაში გადაყვანა, დასკვნების გაკეთება.
   გაკვეთილი მოსწავლეთათვის იყო საინტერესო და შინაარსიანი. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში, თავისუფლად გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება,  წარმოეჩინათ საკუთარი ნააზრევი სხვადასხვა ფორმით. მოსწავლე, ცოდნის კონსტრუირებაში თავად იყო ჩართული და არც ერთ ეტაპზე არ მიუღია გამზადებული ინფორმაცია, ამიტომ ღრმად გაიაზრეს საკითხი და რეფლექსიის ფაზაში თავი  მარტივად გაართვეს ცოდნის  სხვადასხვა ფორმით წარმოდგენას.
   ვფიქრობ, ჩემ  მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი დამსწრე კოლეგებს ბიძგს მისცემს მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისა, რადგან მოსწავლეები თავად არიან ჩართული ცოდნის აგებაში, მარტივად აკეთებენ მიღებული ინფორმაციის ანალიზს. შეუძლიათ ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით მიღება და მისი გადაყვანა ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში,  ასევე გაკვეთილმა აჩვენა, რომ კეთებით სწავლა  ყოველთვის უფრო მეტად არის ორიენტირებული შედეგზე, ვიდრე მზა ინფორმაციის მიწოდება. ეს,  ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას, ხოლო, მეორეს მხრივ, მათი მოტივაციის გაზრდას, ინტერესის გაღვივებას  და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
   ჩემი აზრით,   გაკვეთილზე შეიქმნა ღია და მხარდამჭერი გარემო, ვიყენებდი იუმორსაც დაძაბულობის მოსახსნელად. ძირითადად ვიყავი ფასილიტატორის როლში  და დავეხმარე მოსწავლეებს, გამხდარიყვნენ აქტიური შემმეცნებლები, მათ, თავის მხრივ,  დამოუკიდებლად მოახერხეს ახალი ცოდნის კონსტრუირება და ანალიზი. სწავლება აიგო სოციალური ურთიერთობების გზით, რადგან, რამდენჯერმე მივმართე თანამშრომლობით სწავლებას.
   გაკვეთილზე,  არ მომიხდენია გეგმის მოდიფიცირება. თუმცა ფორმულის განხილვამ უფრო მეტი დრო მოითხოვა ვიდრე წინასწარ მქონდა განსაზღვრული, რადგან მოსწავლეებისათვის არ იყო ადვილად აღქმადი ზოგიერთი დეტალი, ამიტომ დეტალურად გავაშინაარსე ფორმულა, მივმართე ქვეკითხვებს, გამოვიყენე სკაფოლდინგი, რათა მოსწავლეები მიმეყვანა სწორ პასუხებამდე. ამის შედეგად არ დამრჩა დრო თვითშეფასების მიზნით დაგეგმილი აქტივობის მოსწავლეთატვის შესათავაზებლად, დაგეგმილი მქონდა მათ მწვანე სტიკერზე დაწერათ მოკლედ ორი რამ  რაც დაიმახსოვრეს გაკვეთილზე; ტერმინი, ფორმულა, გრაფიკის წაკითხვა და აშ, წითელზე_შეკითხვა, პრობლემა, რჩევა. თუმცა  ეს არ იყო ხელის შემშლელი პირობა გაკვეთილის სასწავლო მიზნების მისაღწევად, მაგრამ სასურველი იყო მოსწავლეთა მიერ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის თვითშეფასების მიზნით.
ვთვლი რომ:
Ø  გაკვეთილის დაგეგმვის დროს უკეთ უნდა გავთვალო რისკები დროის თვალსაზრისით.



Комментариев нет:

Отправить комментарий