2018 წლის 17 1პრილს 7 გ კლასის და 9 ა კლასის მოსწავლეებთან ერთად არაფორმალური განათლების ფარგლებში ვესტუმრეთ ნიკო და გიორგი ნიკოლაძის სახლმუზეუმს სოფელ დიდ ჯიხაიში.
1951 წლის 1 ივლისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმი,
1958 წელს მუზეუმის ერთ ოთახში განთავსდა ნიკო ნიკოლაძის სახელოვანი ვაჟის გიორგი ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა. . თავად ნიკო ნიკოლაძე უმაღლეს იურიდიულ განათლებას სორბონის, ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში იღებდა. ციურიხის უნივერსიტეტშივე დაიცვა მან სადოქტორო დისერტაცია თემაზე,განიარაღება და მისი სოციალ-ეკონიმიკური შედეგები”, რითაც იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მოიპოვა. მისმა ვაჟმა, ცნობილმა მათემატიკოსმა, ინჟინერ-მეტალურგმა, ინჟინერ-გამომგონებელმა, სპორტსმენმა-ტანმოვარჯიშემ, ალპინისტმა და მეტად მრავალმხრივმა პიროვნებამ სადოქტორო დისერტაცია სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა და სხვა. დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის მუზეუმში ყურადღებას იქცევს ნიკო ნიკოლაძის მიერ 1910 წელს აგებული საქართველოში პირველი და ერთადერთი ქარის ძრავა, ამ ნაგებობით ხდებოდა წყლის მექანიკური ამოტუმბვა ჭიდან და ყველა შენობა-ნაგებობის, ნათესების წყლით მომარაგება. შესაძლოა ამ ძრავასთან დამონტაჟდეს მიკროელექტროგენერატორიც, რაც მთელ მემორიალურ კომპლექსს ელექტროენერგიით მოამარაგებს საჭირო დროს. ნიკოლაძემ თავისი საცხოვრებელი სახლი ააგო 1886 წელს. შემდეგ სამჯერ გადააკეთა.
1910-იან წლებში სახლმა საბოლოო სახე მიიღო შვედი არქიტექტორის ფრიდის მიხედვით. სახლი გადახურულია მარსელიდან ჩამოტანილი კრამიტით, რომელიც რამდენიმე ადგილას სარკმლის მოვალეობასაც ასრულებს. სახლის აივნები, მარანი, სარდაფი და სხვა მოგებულია ევროპიდან ჩამოტანილი, რუსეთის იმპერიაში სახლმშენებლობაში პირველად გამოყენებული ბეტონით, რომლითაც ნიკომ ააგო ქალაქი ფოთი და ფოთის პორტი. სხვა მემორიალურ ნივთებს შორის გამოფენაში ყურადღებას იქცევს ნიკოს მიერ საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი საოჯახო ნივთები სა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები. კერძოდ: ბერლინიდან ჩამოტანილი პიანინო, ბარომეტრი და თერმომეტრი, საანგარიშე და საფანქრე, რკინის ჭადრაკის მაგიდა და სკამები, ხელის სარეცხი მანქანა, დრეზდენიდან ჩამოტანილი სერვიზის ნაწილი, ,,ვერმოლილის” ფირმის გოგირდის შესაწამლი მანქანა. ბოთლების თავსაცობი მანქანა, ბერლინიდან ჩამოტანილი აბანო. ავსტრიული ლამფები. პარიზიდან ჩამოტანილი: ნიკოს ქუდები, სათვალე პენსნე და ჯიბის სამელნე, მინის ბუზსაჭერი, პარიზში ნიკოლაძის სპეციალური შეკვეთით დამზადებული მზის საათი სოფელ ჯიხაიშისთვის, რომელზეც აღნიშნულია სოფლის მერიდიანები და მონოგრამა ,,ონ”. თუჯის ღუმელი. დანიაში, კოპენჰაგენში დამზადებული რძის სეპარატორი და კარაქის სადღვები. ლონდონიდან ჩამოტანილი პონის ეტლი. საწერი მაგიდა. ამერიკაში, ცინცინატში დამზადებული სიმინდის საღერღი მანქანა. ამერიკული საბეჭდი მანქანა, რომელიც რამდენიმე ენაზე ბეჭდავდა და შეეძლო ერთდროულად ორი სხვადასხვა ტექსტი აეკრიბა. ამერიკული ,,კოდაკის” ფირმის ფოტოაპარატი, ერთ-ერთი პირველი გამოშვება. რუსეთიდან ჩამოტანილი თივის საწნეხი მანქანა, სპილენძისგან დამზადებული ორი სამოვარი, რუსი მხატვრის მიერ დამზადებული ჭედური წმიდა გიორგის ხატი, რომელიც ქალაქ ფოთის ემბლემაც იყო... ნიკოლაძეს აქვე ჰქონდა გაშენებული საფრანგეთიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ჯიშის ვაზის ზვრები ადგილობრივი, ქართული ჯიშის ვენახებთან ერთად. ეზოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნიკოს მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ენდემური ჯიშის ხეები: სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი სექვოია. ამერიკული კაკლის ხეები, საპნის ხე, კორპის მუხა, ჰიმალაის კედარი, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე ამ ეზოს ამშვენებდა სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი არაუკარია, ქონის ხე, აქვეა კატალპა - იტალიური ჭადარი, გლიცინია, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჭადრები, სურნელოვანი ოსმანთუსი და სხვა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ სახელოვანი მამულიშვილების ისტორიას და წარმოდგენილ ექსპონანტებს. დაათვალიერეს სახლისა და ბაღის ყველა ნაწილი.
სპორტის მასწავლებლის ჯუმბერ ჯანელიძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს მინი მხიარული შეჯიბრებები. ემოციებით დატვირთული დავბრუნდით სახლებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий